სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-ტაქტიკური წვრთნა დასრულდა. წვრთნა ტყიან ადგილზე ღამით თავდაცვითი ომის წარმოებას ეხებოდა. წვრთნა სოხუმთან ახლოს "წებელდის" პოლიგონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ სამხედრო წვრთნას თვალს ადევნებდა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის თქმით, სამხედრო ცეცხლის გახსნა ღამით წამოებდა, სამიზნეები განლაგებგებული იყო 1400 მეტრის დაშორებით მთიან ადგილას.
"სცენარის მიხედვით სავარაუდო მოწინააღმდეგე მთიანი ადგილიდან გულრიფშის რაიონის ერთ ერთ სოფელში შესვლას ცდილობდა",_ აცხადებს ზაიცევი. მისივე თქმით, წვრთნა წარმატებით დასრულდა, პრაქტიკულად ყველა სამიზნე განადგურებულ იქნა და სავარაუდო მოწინააღმდეგე გატეხილი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, მერაბ ქიშმარიამ სამხედრო წვრთნა დადებითად შეაფასა და სამთო-მოტომსროლელი ბატალიონის წევრებს მადლობაც გადაუხადა. "ცხადია, რომ ყველა ჯარისკაცი და მეთაური კარგად იყო მომზადებული",_ განაცხადა ქიშმარიამ.
მისივე თქმით, ანალოგიური ღამის სამხედრო წვრთნები აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებშიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ ბოლოს სამხედრო წვრთნა სეპარატისტულ აფხაზეთში 15-18 სექტემბერს გაიმართა. ამ წვრთნაში მოიერიშე ავიაცია მონაწილეობდა.