რუსმა სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
სოფელ ზეხდულეთის მკვიდრები - ნანა ვანიშვილი, ალექსანდრე ცერცვაძე, ირაკლი მერებაშვილი, ვანიშვილის და ცერცვაძის 6 წლის შვილი და ჯერ-ჯერობით დაუდგენელი კიდევ ერთი პირი შეიარაღებულმა სამხედროებმა მეზობელ სოფლისკენ მმავალ გზაზე დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ადგილობრივი მკვიდრის ნელი სამსონაძის განცხადებით, ცოლ-ქმარს ნანა ვანიშვილს ალექსანდრე ცერცვაძეს სახლში მიცვალებული ჰყავთ და მეზობელ სოფელში მისი დაკრძალვის საორგანიზაციო საქმეების მოსაგვარებლად გადაადგილდებოდნენ. მათი დაკავების გამო კი, მიცვალებული ჭირისუფლის გარეშეა დარჩენილი.
"გარდაიცვალა მამამთილი და მეხობელს სთხოვა, რომ სოფელ ზეხდულეთიდან ფერმის პატარა ტრქატორით ახალხურვალეთში მამაისთან გადაეყვანა, საიდანაც რაღაცეების წამოღება უნდოდა. გამოიარეს ზეხდულეთი, წითელუბანზე გავიდნენ და წითელუბნიდან ხურვალეთამდე არის ცოტა მოკლე გზა, რომელზეც თვითონ სოფლის მოსახლეობა სიარულს და გადაადგილებას ერიდება, სწორედ იქ მოხდა მათი დაკავება. მართალია, იქ არ არის არც მავთულხლართები, არც არაფერი მაგრამ იციან, რომ საშიში ადგილია. იმ გზაზე რომ გადავიდნენ, მაშინ აიყვანეს,"- განაცხადა ნელი სამსონაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ პროცესში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტია ჩართული.