რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული, გორისა და ქარელის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიაზე 1 მარტამდე დარიცხულ გადასახადს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაფარავს.
საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა, საუბარია მოსახლეობის მიერ 15-20 ათასი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასურის დაფარვაზე.
"სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული, გორისა და ქარელის მოსახლეობისთვის მათ მიერ 1 იანვრამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასური დაეფარა, რისთვისაც 2009 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა იყო გამოყოფილი. თუმცა, ამ თანხის სრულად გახარჯვა შარშან ვერ მოხდა, რის გამოც დარჩენილი ნაწილით აღნიშნული მოსახლეობის მიერ 1 მარტამდე მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადსაც გადავიხდით", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.