ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში არაერთი მიმდინარე და გრძელვადიანი საკითხია მოსაგვარებელი, რაზე მუშაობასც იგი მომავალი კვირის დასაწყისიდან შეუდგება.
პაპავას თქმით, უნივერსიტეში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც უმოკლეს ვადებში უნდა მოგვარდეს, უნივერსიტეტის სტუდენტების შესაბამისი სასწავლო მასალით უზრუნველყოფაა, ამისათვის კი, პროფესორ-მასწავლებლებს სათანადო მოტივაცია უნდა მიეცეთ, რათა მათ სხვადასხვა სახის ნაშრომებზე და უცხოური სახელმძღვანელოების თაარგმნაზე იმუშავონ.
"პირველ რიგში, არის მიმდინარე საკითხები და არის სტრატეგიული საკითხები. მიმდინარე საკითხები დაკავშირებულია ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან, რომელიც სულ ერთ თვეში დაიწყება და ბუნებრივია, გარკვეული ტექნიკური საკითხები იქნება დასარეგულირებელი, რაც მიმდინარე მუშაობის რეჟიმში უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება სტრატეგიულ საკითხებს, აქ ძალიან ბევრი თემაა დასარეგულირებელი. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტ ახალგაზრდობას თანამედროვე, მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა უნდა მისცეს. ამის მისაღწევად არის სხვადასხვა ჩანაფიქრი, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების ერთერთი უმთავრესი პრობლემა სახელმძღვანელოებთანაა დაკავშირებული, სახელმძღვანელოები საერთშორისო სტანდარტების უნდა იყოს, ამისთვის ჩაფიქრებულია, რომ ჩვენს პროფსორ-მასწავლებლებს გარკვეული სტიმულები მივცეთ, რომ მათ შექმნან ან თარგმნონ ასეთი საერთაშორისო დონის სახელმძღვანელოები. სტუდენტები სახელმძღვანელო ფონდით უნდა იყონ უზრუნველყოფილნი. გარდა ამისა, აუცილებელია სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. დღეს არის ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ გადაუჭრელი საკითხი, რომ პროფესორ-მასწავლებლები მაგისტრანტის ან დოქტორანტის მომზადებაში ანაზღაურებას არ ღებულობენ. ამ დროს, ეს ფული უნივერსიტეტში შედის. ის დაფინანსება, რაც დღეს უნივერსიტეტში არის, საკმარისია მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად და რაც მე ვთქვი, ეს ყველაფერი მოგვარებადია, ხოლო იმავდროულად, ჩვენ გულზეხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ და დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, უკვე დადგა ის დრო, როდესაც ქართული ბიზნესი გაახელს თვალს და მიხვდება, რომ მას სჭირდება განათლებული კადრები, ხოლო უნივერსიტეტი კი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთელს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს და ყველას, ვისაც სჭირდება, მივაწოდოთ და მათთვის აღვზარდოთ მაღალპროფსიონალური კადრები,"- განაცხადა ლადო პაპავამ.
ამასთა, თსუ-ს ახალი რექტორი დღეს ჩატარებული არჩევნების პარალელურად სტუდენტთა ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ პრეტენზიებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორს 6 ფაკულტეტის 12 წარმომადგენელი ირჩევს, რომლებიც სტუდენტებმა შეარჩიეს, ამიტომ აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი გარკვეულწილად, სტუდენტის აზრსაც გამოხატავს.
"არჩევნების წესს ამ ეტაპზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონი განსაზღვრავს. ასე რომ, ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნები განსაზღვრული იყო მოქმედი კანონით. რაც შეეხება არჩევის ახალ სისტემას, თუ როგორი იქნება ის, ამაზე მსჯელობა "უმაღლესი განათლების შესახებ" ახალი კანონის მიღების შემდეგ შეგვეძლება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არჩევნები მოქმედი კანონით ჩატარდა. რაც შეეხება სტუდენტების ჩართულობას, ამას ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს. ეს 12 კაცი 6 ფაკულტეტიდან 2-2 წევრია არჩეული, ამიტომ, ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტებიც. აქედან გამომდინარე, აკადემიური საბჭოს ყოველ წევრს შეუძლია თქას, რომ მას სტუდენტისგან მიღებული ხმა აქვს. შეიცველბა თუ არა ეს წესი, მე მივესალმები, რომ ჩართულობა მეტი იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი აკადემიური პერსონალი და სტუდენტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო ლეგიტიმური იქნება რექტორი. უბრალოდ, ეს დამოკიდებულია კანონზე და მხოლოდ უნივერსიტეტი თავისი წესდებით ამას ვერ განსაზღვრავს,"- განაცხადა ლადო პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის 28-ე რექტორი ლადო პაპავა გახდა.
პაპავას კანდიდატურას მხარი ხმის მიცემის პროცესში მონაწილე 12 პირიდან 10-მა დაუჭირა, 2-მა კი, ხმა ირმა რატიანს მისცა.
თსუ-ს რექტორის არჩევნებში სულ 13 კანდიდატი - გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია, ლადო პაპავა, და დავით გოცირიძე მონაწილეობდნენ.