აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ქართულ მხარეს არჩეული აქვს პრინციპულად არასწორი, ასევე უსამართლო და წამგებიანი პოლიტიკური იმპერატივი, -
აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკა ვაშაკიძის სტატიაში „აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ფორმულის შესახებ", რომელსაც "iveria.biz"-ი აქვეყნებს.
„აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ქართულ მხარეს არჩეული აქვს პრინციპულად არასწორი, ასევე უსამართლო და წამგებიანი პოლიტიკური იმპერატივი, რომელიც, რამდენიმე სიტყვიანი ფორმულით რომ წარმოვადგინოთ, ასე ჟღერს: „დიალოგი, შერიგება და ნდობის აღდგენა ქართველ და აფხაზ ძმებს შორის". ამ ფორმულას, მისი სხვადასხვა, უმნიშვნელო განსხვავებების მქონე ვარიაციებით, სისტემატურად იმეორებს საქართველოს ყველა ხელისუფლება და განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყენება დღევანდელი მთავრობის მიერ, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის და და რეინტეგრაციის მინისტრის მხრიდან", - წერს ავტორი.
ვაშაკიძე აცხადებს, რომ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება სუფრა არ არის და ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში და ტექსტებში სიტყვები „ძმები", „ძმობა", „ძმური ურთიერთობა" და ასე შემდეგ, ამოვარდნილია სტილიდან და სიყალბისა და ფარისევლობის ელფერს ატარებს.
„იმ ფონზე, როცა ქართველებს გალში პირუტყვებივით გვექცევიან და ღიად და უტიფრად გვიცხადებენ, რომ დევნილების დაბრუნებაზე არც კი ვიფიქროთ, ალბათ, ამ ეტაპზე, ძმობაზე სუფრაზეც კი ნაადრევია ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ ესმოდეთ, ქართველ პოლიტიკოსებს შესაბამისი ეროვნული ღირსებისა და სტილის გრძნობა უნდა გააჩნდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე ეს თვისება ტრადიციულად ძალზედ დიდი დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში", - წერს ავტორი.
ავტორი აცხადებს, რომ საქართველო არსწორი პოლიტიკით აკეთებს კონფლიქტის ეთნიკური ხასიათის ხაზგასმას.
„როცა ჩვენ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ქართველ და აფხაზ „ძმებს" შორის დიალოგის ჭრილში ვიხილავთ და შესაბამის მესიჯებს ვაგზავნით როგორც აფხაზეთში, ასევე საზღვარგარეთ, ამით ჩვენ თვითონ ვაკეთებთ კონფლიქტის ეთნიკური ხასიათის ხაზგასმას და ხელს ვუწყობთ „პრივილეგირებული ეთნოსის" იდეოლოგიის ლეგიტიმაციას. იქნებ, ვინმემ ახსნას, რომ თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ რატომ უნდა გადაწყვიტონ აფხაზეთის ბედი ქართველებმა და აფხაზებმა აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნოსების ზურგს უკან? რა დააშავეს აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა, რუსებმა, უკრაინელებმა ან თუნდაც ქართველებმა?", - აღნიშნავს ავტორი.
ნიკოლოზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება არა გამორჩევით აფხაზებს, არამედ აფხაზეთის მოსახლეობას და საზოგადოებას უნდა ელაპარაკებოდეს და სწორედ ასეთი მიდგომა უნდა იყოს გზავნილი აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი.
„ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა მიისწრაფვის არა რაღაც გარიგებისკენ ქართველებსა და აფხაზებს შორის, სხვა ეთნოსების ზურგს უკან, არამედ იმისკენ, რომ ნამდვილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნორმები და პრინციპები თანაბრად და სრულად ვრცელდებოდეს მთელს მის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ჩათვლით. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ, საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთში მეორეხარისხოვანი ეთნოსები არ იარსებებენ, არამედ იქნებიან მხოლოდ თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, წყვეტენ საკუთარ და თავისი ქვეყნის ბედს - ანუ, ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, ნაცვლად „პრივილეგირებული ეთნოსის" იდეოლგიაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმისა. ვფიქრობ, ასეთ გზავნილს ძალიან კარგად გაიგებენ და მიიღებენ აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები და იმასაც უკეთ გაიაზრებენ, თუ რას იცავს და რისგან „იცავს" მათ რუსეთის საოკუპაციო ჯარი", - წერს ავტორი.