დღეს, 2 მარტს, ლუვრში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, ნიკოლა სარკოზი და დიმიტრი მედვედევი, გამოფენას გახსნიან, რითაც სათავეს დაუდებენ საფრანგეთში რუსეთის წლის ოფიციალურ გახსნას.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საფრანგეთში 1-ელ მარტს გაემგზავრა. რუსეთის სახელმწიფო მეთაურის ეს ვიზიტი პროტოკოლის პრაქტიკაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი და მას სახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს. ვიზიტი ოთხშაბათამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მედვედევს თითქმის 60-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული და მხოლოდ ოთხი მათგანი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის _ ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთსა და ფინეთში.
რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტისას დიდი დელეგაცია ახლავს თან, კერძოდ, მასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრნენ: ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჟუკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თანაშემწე სერგეი პრიხოდკო, კულტურის მინისტრი ალექსანდრე ავდეევი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრეი ფურსენკო, ვაჭრობისა და მრეწველობს მინისტრი ვიქტორ ხრისტენკო, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრი იგორ შეგოლევი, "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, მიტროპოლიტი ილარიონი და სხვები.