ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს. არ იქნება არანაირი სეგრეგაცია, რეპრესია, ტერორი. ამის გარანტიას ვაძლევთ დემოკრატიული ოპოზიცია ყველას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
„მტერს, ოკუპანტს, სეპარატისტს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუხადა ბოდიში. ჩვენ არავის ვუხდით ბოდიშს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა თქმა უნდა, თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს. არ იქნება არანაირი სეგრეგაცია, რეპრესია, ტერორი. ამის გარანტიას ვაძლევთ დემოკრატიული ოპოზიცია ყველას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა რუსული ძალები იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი. აფხაზეთსა და ოსეთში დგანან რუსული ბაზები და როდესაც ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, სეპარატისტული რეჟიმებიც გავლენ ჩვენი ტერიტორიებიდან, აღდგება საქართველოს დამოუკიდებლობა, დაბრუნდებიან ჩვენი დევნილები საკუთარ მიწაზე და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აფხაზებიც და ოსებიც იცხოვრებენ მშვიდად“, – აღნიშნა ფარულავამ.
მისი თქმით, ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს არის რუსეთის ფედერაცია.
„არიან აფხაზეთში მტრები, რომლებიც, რუსეთის წაქეზებით, დიდი ხანია, ებრძვიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის გამო 250 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთის მიწა. გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ისტორიული მიწა, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია, სადაც ჩვენი სიწმინდეებია, დატოვოს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, დატოვოს ის ტერიტორიები. ჩვენ არავისთან გვსურს მტრობა. ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთის ფედერაციაა. კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტერს არ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ მტერს დავამარცხებთ და საქართველო გაერთიანდება. ამის მაგალითი არის გმირთა მემორიალი, სადაც ოქროს ასოებით არიან ჩვენი გმირები ამოტვიფრული. ჩვენ ჩვენი გმირების ბრძოლას გავაგრძელებთ და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.