დღეიდან, ფოთში აუდიტორული კომპანია "ბიდიოს" პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფოთის ოფისი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. თავდაპირველად ფილიალი კლიენტებს მხოლოდ საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურებას და საგადასახადო კონსულტაციებს შესთავაზებს, თუმცა მომავალში ადგილობრივი კომპანიები "ბიდიოს" მიერ შეთავაზებული მომსახურების სრულ პაკეტს მიიღებენ.
"ბიდიოს ფოთის ოფისის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ იმ ბიზნეს ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ამ რეგიონში ახორციელებენ თავის საქმიანობას. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. გარდა ამისა, "ბიდიოს" ფოთის ოფისის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამედროვე ბიზნესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითარებას რეგიონში. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბიდიო" ერთადერთი აუდიტორული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ორი ოფისით იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.