თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მსოფლიოს #1 ტერორისტმა, უსამა ბენ-ლადენმა ევროპელებისადმი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოზეც ისაუბრა.
უსამა ბინ-ლადენმა მსოფლიოში არსებულ დაძაბულობაში სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა და საქართველოსთან მიმართებაში მის არასაიმედო პარტნიორობას გაუსვა ხაზი.
მსოფლიოს ნომერ პირველმა ტერორისტმა თავის ვიდეო მიმართვაში შეახსენა ევროპელებს თუ როგორი პარტნიორობა შეუძლიათ მეგობრებს "ატლანტიკის ოკეანის გაღმიდან".
"როდესაც საქართველო რუსეთთან კონფლიქტის დროს ამერიკისგან დახმარებას ელოდა, აშშ დაეხმარა მას არა საქმით, არამედ ფუჭი დაპირებებით", - აცხადებს ვიდეო მიმართვაში უსამა ბინ-ლადენი.
ვიდეო მიმართვაში ბინ-ლადენი ბრალს სდებს ევროპის სახელმწიფოების მეთაურებს და ჯარისკაცებს იმაში, რომ ისინი ავღანეთში უდანაშაულო ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს კლავენ.
მან გააკრიტიკა ნატოს საავიაციო დაბომბვები და აღნიშნა, რომ თავად იყო მისი თვითმხილველი.
ბენ-ლადენის თქმით, თითოეული მოკლული ბავშვისთვის ნატო მზად იყო მისი ახლობლებისთვის მხოლოდ 100 დოლარი გადაეხადა.
"ასეთია ჩვენი უდანაშაულო შვილების სიცოცხლის ფასი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისთვის", _ აცხადებს მიმართვაში ბინ-ლადენი.
მიმართვაში, ბინ-ლადენი იხსენებს ტერაქტებს ლონდონსა და მადრიდში და აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიება ახლო აღმოსავლეთში დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ.
ბინ-ლადენს ეჭვი არ ეპარება, რომ ომი ავღანეთში მალე შეწყდება, ხოლო ამერიკელებიდან "აქ კვალიც არ დარჩება". იმავეს მოელის იგი ევროპელებისაგან, რომლებიც "ბოლოს და ბოლოს უნდა მოიქცნენ სამართლიანად".
მიმართვაში ბენ-ლადენი არაბულად საუბრობს და ფირზე გერმანული სუბტიტრებია დადებული.