2013 წლის რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ამჯერად სამხედროები უპრეცედენტოდ ხაზგასმით აღნიშნავენ და აჩვენებენ ყველას როგორც ეგვიპტეში, ისე საზღვარგარეთ იმას, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის მართვას და მათი მიზანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს სტაბილური სამოქალაქო მმართველობა, - -
წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოს ვაშაკიძე, iveria.biz -ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რა ხდება ეგვიპტეში".
ავტორი მიჩნევს, რომ ეს პოზიცია უაღრესად მომგებიანია. არმია თავისუფლდება ქვეყნის მართვის მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ რაკი დაამტკიცა თავისი უალტერნატივობა კრიზისების დროს და თავისი, როგორც სტაბილურობის გარანტის როლი, ის მომავალშიც შეინარჩუნებს რეალურ პოტენციურ ძალაუფლებას და, აქედან გამომდინარე, მყარ პოზიციებსა და პრივილეგიებს.
„საინტერესოა, რომ 2011 წლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მუბარაქის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება და მის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება სწორედ მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება იყო, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ეგვიპტურ საზოგადოებაში. 2013 წელს, როცა მურსის გადაყენების შემდეგ მისი ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა ქუჩაში, სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამას მსხვერპლიც მოჰყვა, მაგრამ ეს ფაქტი დიდი განსჯის საგანი არ გამხდარა", - აღნიშნავს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არჩეული პრეზიდენტის გადაყენებამ მკაცრი კრიტიკა არც დასავლეთში გამოიწვია.
„ცხადია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები პრეზიდენტის ძალისმიერ გადაყენებასთან დაკავშირებით აღტაცებას არ გამოხატავენ და „შეშფოთებულები" არიან, მაგრამ მათს განცხადებებში ნათლად იკითხება, რომ ისინი ეგვიპტეს ოსტრაკიზმს არ მოუწყობენ და მათ თითქმის მხარი დაუჭირეს ეგვიპტელი სამხედროების მიერ დასახულ „საგზაო რუკას"", - წერს ავტორი.