„ეგვიპტეში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, შეიარაღებულმა ძალებმა დახვეწილად და დამაჯერებლად გაართვა თავი სიტუაციას", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოს ვაშაკიძე, iveria.biz -ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რა ხდება ეგვიპტეში".
ავტორი სტატიაში მიმოიხილავს ქვეყნაში 2011 წლიდან განვითარებულ მოვლენებს მოჰამედ მურსის გაპრეზიდენტებას, მის იერ დაშვებულ შეცდომებს და აღნიშნავს, რომ ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობამ და უმაღლესმა მთავარსარდალმა ალ-სისიმ კარგად გააანალიზეს ყველა ის ნიუანსი თუ მათ მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც თან ახლდა 2011 წლის რევოლუციას.
„1952 წლიდან ეგვიპტის შეიარაღებული ძალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, პრეზიდენტები ნასერი, სადათი და მუბარაქი სამხედრო მოღვაწეები იყვნენ და, ამდენად, ამ დროიდან მოყოლებული, სამოქალაქო ხელისუფლება ეგვიპტეში მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული სამხედრო ძალებთან", - წერს ავტორი.
ვაშაკიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტ მუბარაქის გადაყენების შემდეგ ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ ოფიციალურად აიღო ხელში ძალაუფლება, მაშინვე გახდა პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესზე და, შესაბამისად, მწვავე კრიტიკისა და ზეწოლის ობიექტად იქცა.
„სამხედრო ხელმძღვანელობამ კარგად იგრძნო, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მართვასა და პოლიტიკურ პროცესებზე მათ მიერ პასუხისმგებლობის აღება და შემდგომში მოქმედების გაცილებით უფრო მოქნილი სტილი აირჩიეს. უმაღლესი სამხედრო საბჭო მნიშვნელოვნად გაემიჯნა ქვეყნის პოლიტიკურ მართვას, მაგრამ პოლიტიკური ქაოსით მოცულ ეგვიპტეში თავი გამოაცხადა ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე მდგარ გარანტად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხედროებმა თავიდან აირიდეს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ შეინარჩუნეს რეალური ძალაუფლება და გადამწყვეტ მომენტში სიტუაციაში ჩარევის საშუალება", - აღნიშნულია სტატიაში.