ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 5 საქართველოს მოქალაქეა.
„სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაკავებულია რვა ადამიანი, მათ შორის საქართველოს ხუთი მოქალაქე", _ იუწყებიან სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, „26 ივნისს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, სოფელ აგარის მკვიდრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი იხილება. 4 ივლისს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის - გიორგი იანთბერიძის, მალხაზ გაჩეჩილაძისა და რამაზ გაჩეჩილაძის მიმართ გამოტანილია სასამართლოს განაჩენი ადმინისტრაციული სასჯელის, ჯარიმის გადახდის სახით. დღეს მათ საქართველოს ხელისუფლებას დადგენილი წესით გადასცემენ", _ იუწყებიან სეპარატისტები.
ამას გარდა, კიდევ ოთხი დაკავებული, რომელთა შორისაც საქართველოს ერთი მოქალაქეა ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში იმყოფებიან და მათ მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.