27-28 თებერვალს, ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთათვის ჩატარდება სემინარი - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაცია და ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის ახალი ინსტრუქცია. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრი იუწყება.
შეხვედრას გაუძღვებიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი იაგო ხვიჩია და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი კობა ბახტურიძე.
სემინარების ციკლი 6 თებერვლიდან დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 55 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა.
სემინარების ციკლი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "ორგანიზაციული განვითარებისა და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების" პროექტის ფარგლებში ხორციელდება.