აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს კარისკენ კიდევ ერთხელ მიუთითა და აღნიშნა, რომ მათთან დამშვიდობება სეპარატისტებს უკვე მიმდინარე წელს მოუწევთ.
აფხაზეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის დრო დიდი ხანია წავიდა. _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან ჯეიმს მაკგოლდრითან, კონფლიქტების თავიდან აცილების ჯგუფის ბიუროს სპეციალისტთან ზახარი ტეილორთან და მშვიდობისა და განვითარების სპეციალისტთან სტენ ვაიტსმანთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მომავალში აფხაზეთთან თანამშრომლობა სურთ ამაზე საუბარი შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში "სჯობს ურთიერთობებში ტაიმ -აუტი ავიღოთ".
"თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობასთან დამშვიდობებას ვაპირებთ და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ პატივისცემის გარეშე ვეპყრობით მათ მიერ გაწეულ სამუშაოს, არამედ იმიტომ, რომ ახლა სხვა დროა და სხვა პირობებია.
აფხაზეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების ფაზა დიდი ხანია გავიდა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან არსებითი მხარდაჭერა გაგვიწიონ ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხებში მაშინ მოდით ამაზე ვისაუბროთ ან ავიღოთ ტაიმ-აუტი ჩვენს ურთიერთობებში", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.