ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, "შრომის კოდექსში"
ცვლილებების განხორციელების საჭიროებას მხარს უჭერს და იმავდროულად მიუთითებს დასაქმების ბაზრის უარყოფით შედეგებზე, რომელსაც კანონპროექტით გათვალისწინებულმა ზოგიერთმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვევს.
ამერიკის სავაჭრო პალატას იმედი აქვს პრაგმატული შრომის კოდექსის, რომელიც დაიცავს მშრომელთა უფლებებს და იმავე დროს უზრუნველყოფს ბიზნესის ზრდისთვის საჭირო მოქნილ გარემოს.
"ჩვენი ასოციაცია, რომლის წევრიცაა 150-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი კომპანია, სხვა ბიზნესასოციაციებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული შრომის კოდექსის ცვლილებების შემუშავების პროცესში. ამერიკის სავაჭრო პალატა მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, შექმნას დაბალანსებული და სამართლიანი შრომის კოდექსი. ჩვენ ნათლად
გვესმის და მხარს ვუჭერთ იდეას, რომ შეიცვალოს შრომის კოდექსი იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, გაძლიერდეს მექანიზმები, რომ დასაქმებულს ხელი მიუწვდებოდეს სამსახურის პირობების შესახებ ინფორმაციაზე, უფრო ნათელი გახდეს ზეგანაკვეთური ანაზღაურების წესები, გაძლიერდეს კანონი არასრულწლოვანთა დასაქმებაზე, დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე და ა.შ. ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემოთავაზებულ ცვლილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე შრომით ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
გარდა ამისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ღიაობას და მზაობას, რომ იმუშაონ ამერიკის სავაჭრო პალატასთან და სხვა ბიზნეს ასოციაციებთან იმისთვის, რომ შექმნან დაბალანსებული შრომის კოდექსი. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა შენარჩუნდეს კანონმდებლობის საბოლოო მიღებამდე.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ დაბალანსებულ შრომის კოდექსს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებასა და ბიზნესის ზრდას და არა პირიქით - მაღალ უმუშევრობას და ბიზნესის სტაგნაციას, შემდეგი პუნქტები სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე"- ნათქვამია პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის სავაჭრო პალატაში განმარტავენ, რომ კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს ხელს უწყობს
სტაბილურ დასაქმებას, უკეთეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის. შესაბამისი მუხლი არის 6.11.
კომპანიებს ეკრძალებათ შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავდა დასაქმებულს გამოეყენებინა კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია მიღებული სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე აუკრძალავდა სენსიტიური ინფორმაციის
მიწოდებას დამსაქმებლის კონკურენტებისთვის. (აღნიშნული წარმოადგენს
სტანდარტულ დებულებას ევროპულ და ამერიკულ შრომით ხელშეკრულებებში და საქართველო შექმნის შემაკავებელ გარემოებას უცხოური ინვესტიციებისთვის და დიდ სირთულეს შეუქმნის ადგილობრივ დამსაქმებლებს თუ ასეთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დათქმას უკანონოდ აქცევს).
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში სამუშაოს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი
გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით.
3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია წერილობით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება. ეს არარეალურია. მცირე და საშუალო კომპანიებს დააწვებათ დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯი იმისთვის, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ ყველა დასაქმებულს ვისაც 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანენ სამუშაოდ. ზემოთ მოყვანილი დებულებები იმაზე მეტად შემზღუდავია ვიდრე ეს არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც მშრომელთა უფლებები, მათ შორის პროფკავშირების უფლებები, არის ბევრად უფრო ინსტიტუციური და აღიარებული ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში
და ეკონომიკაც ბევრად უფრო განვითარებულია. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნულ პუნქტებზე არ მოხდება რეაგირება, კანონპროექტი იქონიებს საპირისპირო ეფექტს იმისგან განსხვავებით, რაც წარმოადგენს მის მიზანს.
იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლებს არ ექნებათ თანამშრომლების ერთი წლით (განსაზღვრული ვადით) დაქირავების შესაძლებლობა, ისინი ამ რისკს უპასუხებენ არსებული თანამშრომლების შემცირებით და ბევრად კონსერვატიულად მოეკიდებიან ახალი თანამშრომლების დაქირავებას
მომავალში. ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს მსოფლიოში, ასე რომ მუდმივი ხელშეკრულებების სისტემაზე გადასვლა იქნება რადიკალური გადახვევა გავრცელებული ბიზნეს პრაქტიკიდან და საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. მარტივად რომ ვთქვათ უმუშევრობა გაიზრდება, რაც უკანასნელია რაც
რომელიმე ჩვენგანს სურს. რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ მოქნილი გრაფიკით ცვლებში, მათ შეუმცირდებათ სამუშაო დრო (და შესაბამისად დაკარგავენ შემოსავალს) ან ხელფასი შეუმცირდებათ იმ რაოდენობით, რომ ანაზღაურდეს მათთვის ზეგანაკვეთურად გადასახადი თანხა, რომლის გადახდაც დამსაქმებელს მოუწევს კვირაში 40
საათის ზევით. გაიზრდება რისკი გაუფორმებელი და შესაბამისად დაუბეგრავი დასაქმებულების არსებობისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი უმთავრესი შემოსავალია ქვეყნის ბიუჯეტში, ასეთი რისკი ფრთხილად უნდა შეფასდეს პარლამენტის და გადასახადის მომგროვებელი ორგანოს მიერ. ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, რომელიც ცდილობს წაახალისოს ეკენომიკური
განვითარება და ინვესტიციები, ამ დებულებებს ექნებათ უარყოფითი გავლენა დასაქმებაზე, ბიზნესის განვითარებაზე, ინვესტიციებსა და ზოგადად მოსახლეობაზე.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში მხარს უჭერს კოდექსს, რომელიც წაახალისებს ჯანსაღ ეკონომიკას ქვეყანაში, დასაქმებას და დასაქმებულთა უფლებებს. "ზემოთ მოყვანილი ოთხი პუნქტი ვერ დაეხმარება საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში"- განმარტავენ პალატაში.