რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში გაზაფხულზე საპროტესტო აქციათა ახალი დიდი ტალღა აგორდება. მათი თქმით, მღელვარების მაჩვენებელი მზარდი ხასიათისაა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ამას არ ასახავს.
ასე მაგალითად, სახელმწიფო სტატისტიკის (როსსტატის) მონაცემებით, 2009 წელს გაიმართა მხოლოდ ერთი გაფიცვა, ხოლო 2008 წელს _ ოთხი.
სოციალურ-შრომითი უფლებების ცენტრს კი სულ სხვა მონაცემები აქვს. მათი მონაცემებით, ქვეყანაში 100-ზე მეტი არარეგისტრირებული აქცია გაიმართა, რაც 57 % მეტია, ვიდრე 2008 წელს. საერთო ჯამში 2009 წელს საპროტესტო აქციათა რაოდენობამ 272-ს მიაღწია. 2008 წელს, მათი მონაცემებით, 93 საპროტესტო აქცია გაიმართა.
სოციალურ-შრომით უფლებების ცენტრის დირექტორი სტატისტიკაში არსებით სხვაობას იმით ხსნის, რომ რუსეთში საერთოდ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც შრომით კონფლიქტებსა და საპროტესტო აქციათა რაოდენობას ასახავს.
საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი გახშირებული ანტისამთავრობო მიტინგებია, რაც კალინინგრადში, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკას მოჰყვა. სოციოლოგები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, მიჩქმალოს სახალხო მღელვარება და ამგვარად შეცდომა მოსდის, რადგან რუსეთში შრომითი კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი არ არსებობს. სწორედ ამიტომ უკმაყოფილო ხალხი გაფიცვებისა და საპროტესტო გამოსვლების გზას მიმართავს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ კონფლიქტები შრომითი პრობლემების გამო კიდევ უფრო გახშირდება, მედვედევ-პუტინის პოლიტიკით ხალხის უკმაყოფილება პიკს გაზაფხულზე მიაღწევს და რუსეთი 1990-იან წლებში დაბრუნდება, როდესაც მშრომელთა პროტესტები სტიქიურ ხასიათს ატარებდა და მათი კანონის გზით აღკვეთა შეუძლებელი იყო.