სახალხო დამცველი უჩა ნანუშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ანგარიშში გასული წლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა ასახული. როგორც მან აღნიშნა, 30 მარტს, პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ იქნა წარდგენილი ანგარიში, რომელიც 2012 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება.
მისი თქმით, ანგარიში მოიცავს უფლებების და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და სამოქალაქო, პოლიტიკურ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
"გასული წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის შემდეგ ძალაუფლების გადაცემა არაძალადობრივად არჩევნების გზით. მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდებოდა გასული წელი. ანგარიშში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა შესული, რაც გასულ წელს მოხდა", - განაცხადა ომბუდსმენმა.
მისივე თქმით, ანგარიშში დეტალურადაა გაშლილი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენები, ცნობილი ციხის კადრები, წამების, არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები, რომელსაც ნანუაშვილის განცხადებით, სისტემატური ხასიათი ჰქონდა მიღებული.
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი მოხსენებას საგაზაფხულო სესიაზე მოისმენს.