ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებათა 23-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განიხილებოდა ფორმატით გათვალისწინებული საკითხები. პირველ ჯგუფში ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების სამკითხები და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაცია, რომელიც თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს. თუმცა, ჩვენი პოზიცია პრინციპულია - ეს დეკრალაცია ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის რუსეთის ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც ამ შეხვედრაზე გავახმოვანეთ კიდეც", _ აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, ამას გარდა, ასევე ყურადღება გამახვილდა ადმინისტრაციულ საზღვრისპირას მიმდინარე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
"აღინიშნა, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის გადადდგილებას და ის ბარიერები, რომლებიც ხელოვნურად არიან შექმნილი უნდა მოიშალოს.
მეორე სამუშაო ჯგუფში ჩვენ ასევე გავამახვილეთ ყურადღება ჰუმანიტარულ საკითხებზე და დევნილების დაბრუნების თემაზე. ასე რომ ფორმატით გათვალისწინებული ყველა საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე განხილულ იქნა", _ აცხადებს ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები