აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კერძოდ საუბარი მიდიოდა სირიაში არსებულ სიტუაციაზე. ჩირიკბამ შეხვედრისას განაცხადა, რომ სირიიდან აფხაზეთში ჩამოსვლის მრავალი მსურველია. ანქვაბმა მას და ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტს "თანამემამულეთა" დასახვედრად ყველაფრის მომზადება დაავალა.
ამას გარდა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გავრცელებული ინფორმაციას ტუვალუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფახზური მედია წერს, რომ ეს ინფორმაციას ქართულმა მედიამ გაავრცელა.
ჩირიკბამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას გააკეთებს.
ამას გარდა, ანქვაბმა და ჩირიკბამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზეც ისაუბრეს.