აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით "საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და აფხაზეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი: ზოგიერთი წინადადებები". ანგარიშის ავტორია ლეილა ტანია - "სამოქალაქო ინიციატივა და მომავლის ადამიანი"-ს ფონდის ხელმძღვანელი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აფხაზეთში მოქმედ მსგავს ორგანიზაციათაგან ერთ ერთი უძველესია.
"ჩვენ ყველა ალბათ თვალს ვადევნებთ ბოლო დროს გახშირებულ კომენტარებს რუსი ექსპერტებისა, პოლიტიკოსებისა სადაც წინ წამოწეულია თემა იმის შესახებ, რომ შესაძლოა აფხაზეთის აღიარება გაუაზრებელი ნაბიჯი იყო და პერსპექტივაში საჭიროა ამ გადაწყვეტილების გადახედვა, იმის და მიხედვით, თუ როგორ წარიმართება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია.
ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებდით იმას თუ როგორ მიმდინარეობდა საპრეზიდენტო კამპანია რუსეთში და ვხედავდით ასე ვთქვათ ოპოზიციონერი მოღვაწეების კომენტარებს, რომლებიც ასევე კითხვის ნიშანს სვამდნენ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით.
ვიდრე რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის გუნდია, შეგვიძლია ეჭვი არ შეგვეპაროს მოსკოვის მხარდაჭრის უცვლელობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, მაგრამ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო გააზრებული და შემტევი, იმისათვის რათა გამოწვევების გამკლავება შეძლოს", _ მიიჩნევს ანგარიშის ავტორი.
მისივე თქმით, აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს 2012 წლის ანგარიშისა" და ამ უწყების წარმომადგებლების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ინტერვიუების ანალიზი მეტყველებს, რომ აფხაზეთისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი აღიარება საქართველოს მხრიდან, მეტიც საქართველოს მხრიდან აღიარება განიხილება როგორც სტარტი აფხაზეთის აღიარებისა სხვა დანარჩენი სახელმწიფოების მხრიდან, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მხრიდან.
"ამავე დროს, არ არსებობს არავითარი ობიექტური პირობა და არავითარი გარემოებები, რომლებიც იმის სასარგებლოდ იმეტყველებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან ან ახლო ან საშუალოხედვის პერსპეტივაში ველოდოთ დამოუკიდებლობის აღიარებას" - ნათქვამია ანგარიშში.
ლეილა ტანიას აზრით, აფხაზეთმა კოსოვოსა და ტაივანზე უნდა აიღოს ორიენტირი, რომლებიც "ბელგრადისა და პეკინის მხრიდან არაღიარების პირობებში მაინც საკმაოდ კარგად ეწერებიან ევროსტრუქტურებში".
ტანია ასევე არ ეთანხმება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან კონფლიქტის დასრულებაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება. ტანიას ასევე არ მოსწონს მცდელობები გახმოვანდეს აფხაზეთში ქართველი დევნილებისათვის მატერიალური კომპენსაციის თემა.