"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პასუხი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისგან პაატა ზაქარეიშვილისგან ვერ მივიღეთ", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ და აღნიშნა, რომ მან ზაქარეიშვილს შესთავაზა საერთოდ გაეწვია ეს კანონი.
"საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც ოკუპაცია უკვე განხორციელებულია, დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და ადამიანები როდესაც ამ საზღვარს დაარღვევენ, ამისათვის მათ ჯარიმა უნდა გადაიხადონ. ჩვეულებრივ შემთხვევაში ამაზე რა თქმა უნდა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა იყოს.
ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი. ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ ამ საკითხზე. ყოველივე ეს ალოგიკური და გაუგებარია და ლოგიკას თავიც რომ დავანებოთ ასეთ რამეს არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელი არ გააკეთებს. მან განაცხადა, რომ ამ საკითხებში უფრო კარგად ერკვევა ქალბატონი, მისი მოადგილე, რომელიც ახლა ავადაა და კარგად რომ გახდება მერე გვეცოდინება პასუხი ამასთან დაკავშირებით", _ აცხადებს მალაშხია
მისივე თქმით, ამ ცვლილებით ტერიტორიაზე, სადაც კაცობიობის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი რაღაც შეღავათები წესდება.
"სწორედ ჩემი წინადადება იყო, რომ გაეწვია ეს კანონი საერთოდ. ტერიტორიაზე სადაც მოხდა ეთნოწმენდა, სადაც ტერიტორია არის ოკუპირებული და იქ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია ჩადენილი, ადამიანს რომელიც დარღვევას ახდენს და კანონგარეშედ შემოდის ამ ტერიტორიაზე შეღავათები უნდა ჰქონდეთ?! ეს წარმოუდგენელია ", _ აცხადებს შოთა მალაშხია სააგენტოსთან საუბარში.