სამხედრო ქალაქების კეთილმოწყობა რუსული სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სახელმწიფო შეკვეთების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან ფილიმონოვმა გააკეთა.
"აფხაზეთში ნაწილობრივ სრულდება სამუშაოები ერთ ერთ სამხედრო ქალაქში და უკვე დაწყებულია სამუშაოები მეზობლად მდებარე მეორე სამხედრო ქალაქში. სამუშაოები ასევე დაწყებულია სამხრეთ ოსეთში. ამ ქალაქების კეთილმოწყობა 2013 წელს დასრულდება", _ განაცხადა ფილიმონოვმა.
მისივე თქმით, სამუშაოები კიდევ სამ ქალაქში მიმდინარეობს და მათთან დაკავშირებით კონტრაქტები აპრილში გაფორმდება", _ აცხადებს ფილიმონოვი.
აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრო ქალაქების მშენებლობა 2012 წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რიგით მე-11 სამხედრო ქალაქი რუსეთმა გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში გახსნა. აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქები გახსნილი აქვს - გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ შვიდი სამხედრო ქალაქია გახსნილი. სამხედრო ქალაქები ზნაურის რაიონის სოფლებში, ვახტანასა და ბალთაში გაიხსნა.
ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გაიხსნა. მეხუთე სამხედრო ქალაქი 2011 წლის სოფელ გრომში გაიხსნა.