"აზერბაიჯანი - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთი კი ძალიან კარგი პარტნიორი", _ ეს განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების კომენტირებისას გააკეთა.
"სომხეთი - ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორია, მაგრამ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა ჩრდილი მიაყენონ აზერბაიჯანთან ურთიერთობას", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველო სიტუაციის დაბალანსებას შეძლებს.
"მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ სიტუაცია ისე, რომ ერთდროულად ყველა მხარის ინტერესები გავითვალისწინოთ - სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს. არ შეიძლება ცალმხრივი მოსაზრებებით იხელმძღვანელო და ამავე დროს, არ შეიძლება იყო ერთი რომელიმე ქვეყნის მძევალი", _ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.