რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ისეთი საკითხი როგორიც არის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა ექსპერტების დონეზე ვერ გადაწყდება და მას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. მთავარი მხარე კი რომლის გარეშეც ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია, ეს სახელმწიფო, მინისტრის აზრით - რუსეთია.
განცხადება ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლის შოთა მალაშხიას კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
მალაშხიამ განაცხადა, რომ იმის ფონზე, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლების ალბათობა იზრდება, რაზეც გამუდმებით საუბრობენ ექსპერტები, ამ რკინიგზის გახსნამ შესაძლოა დარტყმა მიაყენოს აზერბაიჯანის ინტერესებს, ხოლო სომხეთმა ეს რკინიგზა შესაძლოა სამხედრო პლაცდარმად გამოიყენოს.
ამაზე პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები საექსპერტო დონეზე არ უნდა წყდებოდეს, ვინაიდან ყველა ექსპერტს აქვს თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ კონკრეტული ექსპერტის აზრს წარმოადგენს.
"არ გირჩევთ თქვენ ექსპერტების აზრებზე დაყრდნობით საპარლამენტო დონეზე დააყენოთ ეს საკითხი. ასეთი ვარაუდების დასადასტურებლად უფრო კვალიფიციური არგუმენტებია საჭირო",_ განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, "მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს ამ რკინიგზის გახსნა, რუსეთსა და საქართველოს შორის თუ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ იქნა, საკითხი არ გადაწყდება",_ განაცხადა ზაქარეიშვილმა.