"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მისთვის შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მტკივნეული იყო.
როგორც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის ღარიბაშვილს პირადად შეხვდება და აუცილებლად იკითხავს რა ეჭვები არსებობს მის მიმართ და რომელი პოლიტპატიმრებისგან იღებდა ის ფულს.
"მეც მოუსმინე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ბრძანდებოდნენ. დავით საყვარელიძე დეპუტატის მანდატს ამოფარებული ბედავს თავხედობას, მაგრამ გაოცებული ვიყავი შს მინისტრის პასუხით, რადგანაც ველოდი სხვა პასუხს. ამ ხნის მანძილზე მათ ვერ მოახერხეს ერთი კონკრეტული ფაქტის თქმა. ისინი საუბრობენ, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები და ვარაუდები, თუმცა ფაქტები არ გამაჩნია", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისი თქმით, მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია გასაგებია, რადგან თავად ის ადამიანია, ვინც მათ დასჯას აქტიურად ითხოვს.
"სამწუხაროდ, შს მინისტრი აყვა მათ პიარს და იფიქრა იმ პასუხზე, რომელი იქნებოდა უფრო პოპულარული. ჩემთვის ღარიბაშვილის განცხადება ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი მინისტრი ჯობია იმას რაც ჩვენ ვანო მერაბიშვილის სახით გვყავდა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, დღეს, როდესაც კრიმინალები დეპუტატის სავარძლებში სხედან და ბედავენ იქიდან კითხვები დასვან, მათ არ ექნებათ საშუალება სხვადასხვა ეთერებიდან ასეთი სიბინძურე ანთხიონ.
კაკაბაძის განცხადებით, 14 აპრილს, სპორტის სასახლეში ფართო საზოგადოება იკრიბება, რომელიც ამ რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს.