ცხინვალის რეგიონში მოქმედ ე.წ. პარლამენტში იმ ე.წ. კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელმაც ე.წ. ქართულ აგრესიას "პოლიტიკურ -სამართლებრივი შეფასება" უნდა მისცეს. ეს ე.წ. კომისია ოფიციალურად ოს სეპარატისტთა ახლანდელი ლიდერის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით არის შექმნილი და მას სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერი ლეონიდ თიბილოვი ხელმძღვანელობს. მისი მოადგილეები კი არიან - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსი ბორის ჩოჩიევი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იური ძიცოითი.
ოსური მედია იუწყება, რომ კომისიამ მასალების შეგროვება უკვე დაიწყო. ანგარიშის ტექსტი 22 მარტისთვის უნდა იყოს მზად.
"26 მარტისათვის უკვე შემუშავებული უნდა იყოს კონცეფცია 2004-2008 წლის მოვლენების შესახებ, 27 მარტს კი ეს დოკუმენტი განსახილველად ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში უნდა შევიდეს", _ იუწყება ოსური მხარე.
ამას გარდა, შესაძლოა სეპარატისტებმა ბორი ჩოჩიევის ინიციატივით ამ ახლადშექმნილ კომისია 2008 წლის 23 აგვისტოს შექმნილი კომისიაც შეუერთონ, რომელის "საქართველოს მიერ მიყენებული ზარალის დასათვლელად შეიქმნა".
ე.წ. კომისიის შემდეგი სხდომა 19 მარტს გაიმართება.
ამას გარდა, ე.წ. კომისია ასევე შეისწავლის "საქართველოს მოქმედებებს 2004 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ ექსპანსია დაიწყო".
შეგახსენებთ, რომ დასკვნების წარდგენის შემდეგ სეპარატისტები საგანგებო კანონის შემუშავებას დაიწყებენ, რომელმაც მათივე განმარტებით "ქართულ ფაშიზმსა და ექსტრემიზმს" წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. აპირებენ კანონის შემუშავებას, რომელიც "ქართულ ფაშიზმსა და ექსტრემიზმს" წინააღმდეგობას გაუწევს.
" ამ კანონიდან გამომდინარე კი ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს დამოკიდებულებას მათდამი, ვინც სხვა და სხვა ფორმატებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, სამხრეთ ოსეთის სახელით ხვდებიან საქართველოს წარმომადგენლებს", _ აცხადებს ე.წ. პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი.
მასალის გამოყენების პირობები