აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში დანარჩენ საქართველოში გამოთქმული პროტესტები ღიმილის გარდა არაფერს იწვევს. ამის შესახებ წერს აფხაზი ჟურნალისტი, გვარად შარია პორტალ "ეხო კავკაზაზე" გამოქვეყნებული თავისი სტატიის ერთ ერთ ნაწილში.
"საქართველოსგან გამოყოფილ ორ რეგიონში" არაფერს გარდა ღიმილისა უკვე კარგა ხანია არ იწვევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "სამორიგეო პროტესტები", რომლებიც ხან "ჩვენს არჩევნებთან" არიან დაკავშირებულნი და ხანაც "ჩვენი ხელმძღვანელობის შეხვედრებთან", _ წერს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მიერ მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტზე ქართული მხარის რეაგირებასა და პროტესტებს ღიმილით უყურებს.
მისივე თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში კარგად ესმით, რომ ეს "მორიგე პროტესტები", რომლებიც მაგალითად ალექსანდრე ანქვაბის მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტებს ეხებოდა და მათი მსგავსი ბევრი სხვა რამ მხოლოდ "შიდამოხმარებისთვისაა" და ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში მათ მოუთბენლად ელოდნენ.
"თუმცა ჩვენთან ხომ არც არავინ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეგონებებს უსმინოს, ამიტომაც არის ყველაფერი ეს სასაცილო", _ წერს აფხაზი ჟურნალისტი.
ამას გარდა, იგი ასევე "სასაცილოს" უწოდებს ქართული მედიის წარმომადგენელების მიერ ტერმინების "სეპარატისტები", "მარიონეტული რეჟიმი" და სხვათა გამოყენებას.
სტატიაში ასევე გაქილიკებულია ქართული მხარის ინიციატივა "ნეიტრალური პასპორტების" შესახებ.
"განა სასაცილო არ იყო რამდენიმე წლის წინ შექმნილი ალიაქოთი ე.წ. ნეიტრალური პასპორტების შესახებ. ამისათვის შეიქმნა თანამშრომელთა შტატი, დაიხარჯა თანხები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები და რა? ასევე წარმატებულად მიავიწყდათ ისინი საქართველოში", _ ნათქვამია სტატიაში.