ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის აღდგენის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი დავიდ ფილია აცხადებს, რომ ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველაზე მეტ აქტიურობას ახალი ათონის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონშო აქვს ადგილი. მისივე ინფორმაციით, ბოლო დროს ეს პროცესი სოხუმშიც გააქტიურდა.
ფილია ასევე აცხადებს, რომ სოხუმისა და ბიჭვინთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია ამ აქციას არ ამართლებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამისათვის მისი კურთხევაა საჭირო.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამ პროცესში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ის ე.წ. მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ისინი შევსებულ ანკეტებს ფოსტით აგზავნიან.