დღეს, 1-ელ მარტს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი განახლდება.
გუშინდელ პროცესზე ბაჩანა ახალაიას ადვოკატს 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.
სასამართლო სხდომაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძის ადვოკატმა წარადგინა მისი განცხადება, სადაც მკურნალიძე ხელახალ დაკითხვას მოითხოვს და აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.
მისივე განცხადებით, მკურნალიძე ბრალს აღარ აღიარებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 თებერვლს გაიმართა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა წარადგინა. პროცესის დასაწყისში დაცვის მხარემ, კერძოდ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ წინასასამართლო პროცესზე ვიდეო და აუდიო გადაღების დასაშვებლობის შესახებ, მოტივად კი დეკანოიძემ საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელა, თუმცა ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მოსამართლემ კი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროცესზე აუდიოჩაწერა დაშვებული იყო. მთავარ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება გასული წლის ნოემბრის თვეში, ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ზემოხსენებული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან. ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს - შოთა ბედოშვილს - დანის ტარი თავში ჩაარტყა.
აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის, დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე, ეზოში (ე.წ. „პლაცზე") მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. კალანდაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდა, ხოლო ახალაიას - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.