საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარება იწყება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციიდან აცნობეს, 8-9 იანვარს საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია, მიწვეულები იყვნენ შვეიცარიის ქალაქ ცურიხში, FIFA-ს ცენტრალურ ოფისში მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრა-სემინარზე, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან, საერთაშორისო ტურნირების კალენდართან დაკავშირებით, ასევე განიხილეს მსოფლიოში საპლაჟო ფეხბურთის უახლესი ტენდენციები და სამომავლო გეგმები, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2013 წლის ჩემპიონთა ლიგა და ა.შ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს საპლაჟო ფეხბურთში გადაწყვეტილებების მიმღები თითქმის ყველა რელევანტური ორგანიზაცია და ფიგურა, მათ შორის 30-ზე მეტი ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი, ფიფას საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ელჩი კრისტიან კარამბეუ, საფრანგეთის ნაკრების დირექტორი ჟოელ კანტონა, მაროკოს ეროვნული ნაკრების დირექტორი მუსტაფა ელ ჰადდუი, რუსეთის ნაკრების დირექტორი ნიკოლაი პისარევი, არგენტინის ფედერაციის პრეზიდენტი დამიან დუპილიე, იტალიის ფედერაციის წარმომადგენელი ფერდინანდო არცოპინტო, საპლაჟო ფეხბურთის ვარსკვლავები ესპანელი რამირო ამარელლე და ალჟირელი რაბაჰ მადჟერი.
ვიზიტის შემდეგ ეროვნულ ფედერაციაში მოხდა შედეგების ანალიზი და დაიწყო უახლოეს წლებში სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. საქართველოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. გამარჯვებულ გუნდებს მიიწვევენ FIFA, UEFA-ს და BSWW-ს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე - „მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე 2013".
უკვე ცნობილია, რომ ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება უნივერსიადა, სასკოლო ტურნირი და ქალაქის პირველობა. ჩატარდება აგრეთვე 2010 წლიდან უკვე ტრადიციული ბათუმის საერთაშორისო ტურნირი კლუბებს შორის, წელს მოწვეულ გუნდებს შორის იქნებიან აგრეთვე ევროპული გრანდები.
ამ დროისათვის, საქართველოში - ბათუმში, ქობულეთსა და ანაკლიაში 10-მდე სილის სტადიონია, რომლის გამოყენებაც საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონატისა და ტურნირების ჩასატარებლად მოხდება.
ცურიხში, საქართველოს ფედერაციისა და მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება, აგრეთვე საქართველოში BSWW ოფიციალური ტურნირის ერთ-ერთი ეტაპის, ან სარეიტინგო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მიღებულია მზაობა. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ აუცილებელი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, უკვე წელს - ზაფხულში საქართველოში ჩატარდება საპლაჟო ფეხბურთში მსოფლიო ორგანიზაციის სარეიტინგო ტურნირი და/ან საერთაშორისო „ჩელენჯ კაპი" .
„საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაცია იწყებს საპლაჟო ფეხბურთის განვითარების ახალ ეტაპს და იმედი გვაქვს, რომ თვალსაჩინო პროგრესი და მიღწეული რეზულტატები მოიზიდავს ბევრ ქართველ ჭეშმარიტ გულშემატკივარს, ხოლო ჩვენი კლუბებისა და ნაკრების თამაში მისცემს ამ გულშემატკივარს საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის სტადიონებზე ამაყად სიარულის საბაბს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ფუტზალის წამატებებს (ეს სპორტი ითვლება საპლაჟო ფეხბურთის მონათესავე დისციპლინად), აგრეთვე ქართველებში „ეზოს ფეხბურთის" ძალიან დიდი პოპულარობას, აგრეთვე სპორტის განვითარებისათვის არა აუცილებელს, მაგრამ მიუხედავად ამისა არანაკლებ მნიშვნელოვან ტურიზმის პოტენციალს, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ამ სპორტს საქართველოში წარმატებული მომავალი აქვს"- აცხადებს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია.
როგორც ჭანტურია განმარტავს, გასული წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთხელ იყო მცდელობა ნაკრების შეკრებისა, როდესაც ნაკრებმა მონაწილეობაც მიიღო სარეიტინგო ტურნირში, რომელიც საბოლოოდ უიღბლო აღმოჩნდა ნაკრებისთვის.
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ამის შემდეგ ნაკრები აღარ შეკრებილა. დღესდღეობით უმოქმედობის გამო საქართველო, ფიფას და BSWW -ის ოფიციალურ რეიტინგში ბოლო ადგილს ინაწილებს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, მაგრამ რამდენიმე თვეა რაც საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარებას პერსპექტივა გამოუჩნდა და ამ მიმართულებით წინსვლისათვის აუცილებელი ნაბიჯებიც დაიგეგმა.
2010-2012 წლებში, აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ინიციატივით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, მოდლოვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და საქართველოს კლუბებმა. ტურნირის ფარგლებში მოწვეულნი იქნა ფიფას კატეგორიის არბიტრები აფგან ჰამზაიევი (აზერბაიჯანი) და ოლეგ ბურმისტროვი (ყაზახეთი).
როგორც სპორტის მესვეურები აცხადებენ, ტურნირისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. საბედნიეროდ უკვე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც აიტაცა ინიციატივა და სპონსორობაზე თანხმობა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საპლაჟო ფეხბურთი ჩამოყალიბდა ტრადიციული ფეხბურთის წესებით. თამაშობენ სილის სტადიონებზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბურთის ფლობის ტექნიკას, უჩვეულო საფარზე მოძრაობის სისწრაფეს და კოორდინაციას. თუმცა სილის პლაჟებზე ფეხბურთის თამაშს თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, პირველად წესების უნიფიცირება მოხდა 1992 წელს, საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის (Beach Soccer Worldwide) მიერ. სწორედ BSWW-მ დაიწყო საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაც. დღეს საპლაჟო ფეხბურთის განვითარება-რეგულირებაზე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გარდა პასუხისმგებლები არიან იგივე ორგანიზაციები, რომლებიც განაგებენ ტრადიციული ფეხბურთის ცხოვრებასაც - FIFA, UEFA (ევროპაში), სხვა კონტინენტალური ორგანიზაციები და ეროვნული ფედერაციები.
სილის საფარი აიძულებს მოთამაშეებს იმპროვიზირებას მთელი თამაშის განმავლობაში. ისინი ხშირად იყენებენ ლამაზ ტექნიკურ ილეთებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა „მაკრატელა". მოედნის კომპაქტურობა (28/37 მეტრზე) აძლევს მათ საშუალებას გაიტანონ გოლი თითქმის ყველა მდგომარეობიდან, საკუთარი კარებიდან პირდაპირი დარტყმითაც კი. შესაბამისად მატჩის განმავლობაში მაყურებელმა შეიძლება იხილოს 60-ზე მეტი დარტყმა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით (შედარებისთვის დიდ ფეხბურთში ორივე კარის მიმართულებით 20 დარტყმა კარგ შედეგად ითვლება). გოლები გადის საშუალოდ 3-4 წუთიანი ინტერვალით, ხოლო საშუალოდ მატჩში გადის 11 გოლი (დიდ ფეხბურთში 2,5). ეს შედარება გავაკეთეთ მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ საპლაჟო ფეხბურთის საყურებლად მისული მაყურებელი აუცილებლად მიიღებს კარგ სანახაობას, საკუთრივ სპორტულ სანახაობას თან ერთვის ისეთი შოუს ელემენტები, როგორც მოცეკვავე გოგონების მხარდამჭერი ჯგუფები, მუსიკალური გაფორმება, ანიმატორები, შესვენებების დროს სახალისო კონკურსები და გათამაშებები მაყურებლებისთვის, რასაც ემატება საზაფხულო განწყობა - ყველაფერი ეს საპლაჟო ფეხბურთს ხდის განუმეორებელ სანახაობად და სწორედ ამ სანახაობის გამო ის სულ უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში დღითიდღე.
საპლაჟო ფეხბურთის სამშობლოდ რა თქმა უნდა ბრაზილია ითვლება. ტურნირებში ისეთი საფეხბურთო ვარსკვლავების მონაწილეობამ, როგორებიც არიან ფრანგები ერიკ კანტონა და კრისტიან კარამბეუ, ესპანელები მიგელ და ქულიო სალინასები, ბრაზილიელები რომარიო, ჟუნიორი და ზიკო, საპლაჟო ფეხბურთს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ამ სპორტს და გააფართოვა მისი ტელე აუდიტორიაც, საპლაჟო ფეხბურთის მატჩების ტრანსლირება დღეს 170 ქვეყანაში ხდება. ამან საპლაჟო ფეხბურთი გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სპორტი, რამაც თავის მხრივ მიიპყრო დიდი რაოდენობით რეკლამისა და სპონსორების ყურადღება.
2005 წლამდე ტარდებოდა მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი, ე.წ. „მუნდიალიტო", მასში რა თქმა უნდა დიდი უირატესობა ბრაზილიის ნაკრებს გააჩნდა, რომელმაც ეს ტურნირი 9-ჯერ მოიგო, მხოლოდ ერთხელ ეს ჰეგემონია პორტუგალიის ნაკრებმა დაარღვია. 2005 წლიდან კი კოპაკაბანასა და რიო-დე-ჟანეიროს პლაჟებზე დაიწყო ფიფას ეგიდით ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება, პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა საფრანგეთი, შემდეგ ბრაზილიელებმა ისევ დაისაკუთრეს მსოფლიო თასი რამდენიმე წლით და მხოლოდ 2011 წელს დათმეს ის რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 12:8.
გარდა მსოფლიო ჩემპიონატებისა ტარდება მრავალი ტურნირი, მსოფლიოს ცნობილ კურორტებსა და ქალაქებში, სპორტის პოპულარულობიდან გამომდინარე, რათა არ იყვნენ ორგანიზატორები და პრომოუტერები ამინდის სეზონურობაზე დამოკიდებულნი, ბევრ ქვეყანაში (განსაკუთრებით ჩრდილოური კლიმატით) გაკეთდა დახურული საპლაჟო ფეხბურთის სტადიონები.
სპორტის პოპულარობამ განაპირობა ის, რომ თითქმის ყველა დიდ საფეხბურთო კლუბს (ბარსა, რეალი, მილანი, ინტერი, რეალი, რომა, მარსელი და ა.შ.) ჰყავს თავისი საპლაჟო ფეხბურთის გუნდიც, ტარდება სამოყვარულო და პროფესიონალ გუნდებს შორის უამრავი კომერციული ტურნირი.
2013 წლიდან იწყება ოფიციალური საკლუბო ჩემპიონატი, ე.წ. „ჩემპიონთა ლიგა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები. ყოველწლიურად ტარდება უნივერსიადები, ტურნირები ქალთა გუნდებს შორის. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის მესვეურებსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს შორის საპლაჟო ფეხბურთის ოლიმპიურ სახეობად მიღებასთან დაკავშირებით
ასე რომ, ეს თითქოსდა „გასართობი" და „ტურისტული" სპორტი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდ და სერიოზულ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა.
წესები:
- თითოეული გუნდი შედგება 5 წევრისგან (4 მოთამაშე და მეკარე)
- გუნდს შეუძლია განახორციელოს იმდენი შეცვლა რამდენიც სურს, სათადარიგოთა სკამზე არის 4-5 მოთამაშე
- მატჩი შედგება სამი ტაიმისგან, თითოეული 12 წუთი
- შესვენება გრძელდება 3 წუთი
- საპლაჟო ფეხბურთში არ არის ფრე. ძირითადი დროის დასრულების შემდეგ იწყება 3 წუთიანი დამატებითი დრო, ხოლო თუ დამატებითი დროც ვერ გამოავლენს გამარჯვებულს ინიშნება 9-მეტრიანი პენლების სერია, მატჩს ემსახურებიან: 2 მსაჯი მოედანზე, მსაჯი ქრონომეტრისტი და სათადარიგო მსაჯი
- წესების ყოველი დარღვევა ისჯება საჯაიმო დარტყმით, რომლის დროს აუცილებელია კარის მიმართულებით დარტმის განხორციელება, საჯარიმო დარტყმის დროს „ცოცხალი კედელი „არ დგება
- საჯარიმო დარტყმას ახორციელებს მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც დაირღვა თამაშის წესები, იმ შემთხვევაში თუ კი ის დაზიანდა, მაშინ ის ტოვებს მოედანს და დარტყმას ახორციელებს ნებისმიერი სხვა მოთამაშე
აგრეთვე არის სხვა წესებიც:
- მოთამაშეები თამაშობენ ფეხშიშველი, დაშვებულია სამუხლეების და პროტექტორების გამოყენება
- არ შეიძლება ხელის შეშლა იმ მოთამაშისათვის, რომელიც ახორციელებს „მაკრატელა" დარტყმას, ან გადმოტრიალებით დარტყმას. თუ წესის დარღვევა მოხდა მოწინააღმდეგის ნახევარზე, მსაჯები „უზრუნველყოფენ" დარტყმისათვის აუცილებელ „კორიდორს". იმ შემთხვევაში, თუ წესების დარღვევა მოხდა საკუთარ ნახევარზე, ყველა მოთამაშე უნდა გადავიდეს ბურთის ხაზს უკან.