"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა გურჯაანში ახალი პროექტის "სახალხო მანიფესტი" პრეზენტაცია გამართეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საია-ს თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, "სახალხო მანიფესტის" მიზანია მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩატარდება ტრენინგები ლიდერობისა და თვითმმართველობის მონიტორინგის საკითხების შესახებ; ტრენინგების მონაწილე მოქალაქეები შემდგომ თავად განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში; მოქალაქეთა ტრენინგების პარალელურად, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება ფოკუს ჯგუფების ტიპის შეხვედრები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში აღნიშნული კვლევის შედეგები არჩევნებში მონაწილე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს წარედგინება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთის მხრივ, თავიანთი საარჩევნო პროგრამა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ, ხოლო მეორეს მხრივ, არჩევის შემთხვევაში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად იზრუნონ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ტრენინგებს ინფორმაციის თავისუფლების, ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე.