2013 წლის იანვარში 2012 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1,6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირია და დასვენების, გართობის და კულტურის ჯგუფებმა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,79 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9,8 პროცენტი), თევზეული (6,2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4,8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,5 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,5 პროცენტი). საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 6,5
პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,4 პროცენტი), საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (7,9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საცხოვრებლის
ფაქტიურ გადასახადზე (1,7 პროცენტი).
დასვენების, გართობის და კულტურის ჯგუფის ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და
მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (14,6 პროცენტი).