16 თებერვალს, 12:00 საათზე, გურჯაანში, "სამართლიანი არჩევნების" რეგიონული ორგანიზაციის ოფისში ახალი პროექტის "სახალხო მანიფესტის" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნები" ევროკავშირის მხარდაჭერით მთელ საქართველოში განახორციელებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განაცხადა, "სახალხო მანიფესტის" მიზანია მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩატარდება ტრენინგები ლიდერობისა და თვითმმართველობის მონიტორინგის საკითხების შესახებ; ტრენინგების მონაწილე მოქალაქეები შემდგომ თავად განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში; მოქალაქეთა ტრენინგების პარალელურად, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება "ფოკუსჯგუფების" ტიპის შეხვედრები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში აღნიშნული კვლევის შედეგები არჩევნებში მონაწილე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს წარედგინება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი მხრივ, თავიანთი საარჩევნო პროგრამა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ, ხოლო მეორე მხრივ, არჩევის შემთხვევაში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად იზრუნონ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ტრენინგებს ინფორმაციის თავისუფლების, ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე.