საქართველო რუმინეთთან საბორნე მიმოსვლის განვითარების საკითხს განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში ბოგდან ლუციან აურესკოს უკვე ესაუბრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების აქტუალობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის ტვირთზიდვის ზრდას, ასევე შეიქმნება დამატებითი ალტერნატიული მარშრუტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და უკუმიმართულებით ტვირთების გადაზიდვებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და რუმინეთის სატრანსპორტოს უწყებების წარმომადგენლების მიერ უკვე მომზადებულ მემორანდუმს მისცემენ შემდგომ მსვლელობას და უახლოს მომავალში გამართავენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საბორნე მიმოსვლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით
რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ასევე მათ მიერ საქართველოს მხარისთვის შემოთავაზებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანის შექმნას. მათი მოსაზრებით სატრანსპორტო დერეფნის წევრ ქვეყნებს უნდა წარმოადგენდნენ რუმინეთთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. შეხვედრაზე რუმინეთის მხარემ გიორგი კვირიკაშვილს გადასცა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მათ მიერ შემოთავაზებული დერეფნის განვითარების არგუმენტაციას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, დაინტერესებულია დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით შექმნას სათანადო პირობები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს მხარე განიხილავს ნებისმიერ საპროექტო წინადადებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს მხარის მიერ დერეფნის განვითარების საკითხის დეტალების შესწავლის შემდგომ რუმინეთს ეცნობება საქართველოს მხარის პოზიცია.