საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგადად შეხვედრა მშვიდ, კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში წარიმართა.
სუჯაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი და ბოლო პერიოდში მომხდარი და დაფიქსირებული ინციდენტები იქნა განხილული. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ მავთულხლართებით არეალის შემოღობვა გააპროტესტა.
"ჩვენ ასევე გავაპროტესტეთ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართებით არეალის შემოღობვა რადგან აღნიშნული ქმედება ხელს უშლის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმართვას და ზოგადად თავისუფალ გადაადგილებას", _ აცხადებს სუჯაშვილი და აღნიშმავს, რომ ქართული მხარის გასაკვირად ოსმა სეპარატისტებმა ამ შეხვედრაზე სოფელ ზარდიანთკარგის საკითხი კვლავ დააყენეს.
"ოსურმა მხარემ ჩვენდა გასაკვირად კვლავ დააყენა სოფ. ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს გადაწევის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია უცვლელია. სოფ. ზარდიაანთკარში განთავსებული პოლიციის საგუშაგო ქართული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად მისი განთავსება თუ გადაადგილება არის ქართული სახელმწიფოს სუვერენული უფლება", _ აცხადებს სუჯაშვილი.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე იყო საუბარი გასული წლის დეკემბერში სოფ. კოდაში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
"ოსურმა მხარემ წარმოადგინა ინციდენტის თავისი ვერსია, რომელიც ჩვენი მოსაზრებით უგულებელყოფდა მნიშვნელოვან გარემოებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ ანალოგიური ტიპის ინციდენტები სამომავლოდ მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან აცილებული",_ აცხადებს სუჯაშვილი საგენტოსთან საუბარში.
რაიმე სხვა სახის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა.