სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ცესკოს ხელმძღვანელის, ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთშიც, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში გაიხსნება.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საარჩევნო უბნების ფორმირება რუსეთში ე. წ. აფხაზეთის ელჩს რუსეთში, იგორ ახბას დაევალა.
რაც შეეხება აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას სხვა სახელმწიფოებში, კერძოდ თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორისთვის _ ეს საკითხი, ტაბაღუას ინფორმაციით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
"მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტის დროს დიპლომატიური ხასიათის პრობლემები წარმოიქმნება. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის მთავრობამ ამაზე აფხაზეთს, შესაძლოა, უარი უთხრას. ჯერჯერობით კი ამ საკითხზე თურქეთის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს", _ აცხადებს ტაბაღუა.