სტუდია „რეპორტიორის" ხელმძღვანელის და გამომძიებელი ჟურნალისტის ვახო კომახიძის მხარდასაჭერად კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა თელავში მდუმარე აქცია გამართეს. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი და იურისტი, თამარ გურჩიანიც შეუერთდნენ, რომლებიც თელავში იმყოფებოდნენ.
„კანონით საქართველოს პროკურატურას კომახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა, გამოძიება უნდა დაეწყო. ადეკვატურად უნდა იქნეს გამოძიებული ისიც, თუ რატომ გააცილეს აეროპორტიდან კომახიძე სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლებმა და ის ფაქტიც, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ჩვენ ველოდებით ვახო კომახიძესთან დაკავშირებას, იმისათვის, რომ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ მის დასახმარებლად", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე დღის წინ სთხოვა. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მისი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვახო კომახიძე ამჟამად ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.