დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამგეობის რწმუნებულებად ყოფილი პოლიციელები დანიშნეს. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება
გამოცემაში ნათქვამია, რომ სოფელ ზემო მაჩხაანში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობა შს დედოფლისწყაროს სამმართველოს ქედების ზონის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლევან იაკობიშვილმა დაიკავა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, იაკობიშვილი პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა მისი თანამშრომლები შს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
ყოფილი პოლიციელი გოჩა ყაჭაშვილი დაინიშნა სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზე.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, სოფლებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფილი პოლიციელების დანიშვნა 30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
ამ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი უარყოფს. მისი თქმით, საკადრო ცვლილებებს არჩევნებთან კავშირი არ აქვს.