დღეს, 15 თებერვალს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აჭარას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, კობა სუბელიანი აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტებულ საცხოვრებელ ობიექტებს დაათვალიერებს და დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.
ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც მინისტრი ბათუმში დაათვალიერებს, ყოფილი მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელია. აღნიშნული შენობა სრულად გარემონტდა და მასში 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მინისტრი ხელვაჩაურის რაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებსაც შეხვდება.
ამ ეტაპისთვის აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტირებულია 243 კოლექტიური ცენტრი და 42 კარკასული ობიექტი. 10 414 ოჯახს ფართება საკუთრებაში გადაეცათ ან დაკანონების პროცესი დღემდე გრძელდება.