რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გასული წლის ბოლოს ჩატარებულ სხდომაზე ჩრდილო კავკასიაში ახალი - ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის შექმნა გადაწყვიტა. ოსი სეპარატისტები წერენ, რომ 2003 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ალანიის ე.წ. ეპარქია მოქმედებს, რომელიც საბერძნეთის ძველი სტილის ეკლესიის შემადგენლობაში შედის.
"მორწმუნე-ოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დროთა განმავლობაში ეს ორი ეპარქია გაერთიანდება", _ წერენ სეპარატისტები.
მათივე განცხადებით, საქართველოსგან გამოყოფისა და ამის შემდეგ მომხდარი შეიარაღებული კონფქტის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა არაერთგზის მიმართეს მოსკოვის საპატრიარქოს რათა ისინი თავიანთი მფარველობის ქვეშ მიეღოთ.
"1991 წლიდან მოყოლებული ჩვენ მართლმადიდებელი ოსები სულ მივმართავდით მოსკოვის საპატრიარქოს, მაგრამ ჩვენ გამუდმებით მიგვითითებდნენ საქართველოზე და საქართველოს საპატრიარქოზე. ქართველ სასულიერო პირებს კი არ ჰქონდათ და არც აქვთ მორალური უფლება სამხრეთ ოსეთის სულიერი გამოკვებისათვის, ვინაიდან საქართველოს ეპარქია ყოველთვის ლოცავდა და აქეზებდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ოსებთან მიმართებაში. მოსკოვი ხელს გვკრავს ჩვენ, უარგვყოფს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის თითქმის ყველა მცხოვრები - რუსეთის მოქალაქეები არიან", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცნობილი სასულიერი პირი სახელად გიორგი.
"მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლებს საბერძნეთის ძველი სტილის ეკლესიის სინოდმა დაიჭირა მხარი, რომელსაც მიტროპოლიტი კვიპრიანე ხელმძღვანელობს. სწორედ ამ ეკლესიის მხარდაჭერით 2003 წელს აღორძინდა ალანიის ეპარქია, მამა გიორგი კი ეპისკოპოსის რანგში იქნა აყვანილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მამა გიორგი დროებით ბერძენმა სასულიერო პირმა ამბროსი მეფონიელმა შეცვალა. ამიტომ არქიეპისკოპოს ზოსიმეს განცხადება ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის შექმნის შესახებ სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ნაწილმა მოსკოვის საპატრიარქოს სამხრეთ ოსეთისაკენ მოძრაობის დასაწყისად მიიჩნია. საზოგადოებაში ალაპარაკდნენ ასევე ორი ოსური ეპარქიის გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ", _ წერს ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა "ეხო კავკაზა"-ზე და ოს სეპარატისტთა ლიდერთან არსებული ე.წ. რელიგიის საქმეებში რწმუნებულის სონია ხუბაევას სიტყვები მოჰყავს:
"საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სულ რაღაც გუშინ დაადასტურეს, რომ დიახ, ჩვენ თქვენ აგიყვანეთ დროებით, თქვენი საკითხის გარკვევამდე. თუ თქვენ შეძლებთ და თქვენს საკითხს გადაწყვიტავთ, ჩვენ თქვენ გაგიშვებთ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ალანიის ეპარქია შესაძლოა გაიზარდოს და სხვა ეპარქიებიც შექმნას, რაც შეიძლება მიტროპოლიის წარმოქმნამდეც მივიდეს. ცნობილია, რომ ერთი თუ ორი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ალანიის სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო რელიგიას მართლმადიდებლური რელიგიის მიღების 1100 წლისთავი უნდა აღინიშნოს და ამ მოვლენის კონტექსტში შესაძლებელი იქნება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთების ეკლესიების დაახლოების საკითხის განხილვა", _ აცხადებს სონია ხუბაევა.
სტატიაში ასევე მოყვანილია ადგილობრივი სასულიერო პირის მღვდელ იაკობ ხეთაგუროვის აზრი, რომელიც სინანულით აღნიშმავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურმა აღიარებამ გავლენა ვერ მოახდინა საეკლესიო კანონებზე და მათ მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს კანონიკური ტერიტორიაა. მღვდელი ასევე მიიჩნევს, რომ ერთიანი ალანიის ეპარქიის გაჩენის იმედები ნაადრევია.
"არსებობს კანონიკური ტერიტორიები და ერთი ეკლესია მეორე ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ვერ შევა. ჩვენში არაა საქმე. ასე მიიჩნევს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური კირილი. ჩრდილოეთ ოსეთის სასულიერო პირები სამხრეთ ოსეთში ვერ ჩამოვლენ. ეს მხოლოდ ილია მეორის თანხმობით შეიძლება მოხდეს", _ აცხადებს მღვდელი.
ცხინვალის რეგიონში მოღვაწე კიდევ ერთი სასულიერო პირი მამა იაკობი აცხადებს, რომ "სამხრეთ ოსეთის ეპარქია რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახდეს ამისათვის საჭიროა მსოფლიოს 15-ვე მართლმადიდებული ეკლესიის სათათბირო ორგანოს თანხმობა, მათ შორის საქართველოს.
ისინი უნდა შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რომ ეს ტერიტორია - სამხრეთ სეთი ჩრდილოეთ ოსეთისას შეუერთდეს. მგონია, რომ არც ილია მეორე და არც საქართველოს სხვა რომელიმე პატრიარქი ამას არასოდეს დასთანხმდება", _ აცხადებს საულიერი პირი.
მასალის გამოყენების პირობები