თბილისი მზად არის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დროებით გადადოს პოლიტიკური დარეგულირების საკითხები და აქცენტი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე გააკეთოს. გაზეთი "იზვესტია" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოამზადა რიგი წინადადებებისა ცხინვალისათვის, რომლებიც საზღვარზე მდებარე სოფელ ერგნეთში ქართულ-ოსური ბაზრობის აღდგენას ეხება.
"ერგნეთის ბაზრობასთან ასე თუ ისე დაკავშირებული იყო 30 ათასი ქართველისა და ოსის - რეგიონის მაცხოვრებლების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა", _ აცხადებს "იზვესტიასთან" საუბარში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.
ქართული მხარის წინადადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის მიერ მუშავდება და ამ წინადადებების შემუშავების პროცესში ექსპერტები და რეინტეგრაციის საკითხების სამინისტროც მონაწილეობს.
"ერგნეთის ბაზრის აღდგენა შერიგების გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა, ამიტომაც ვუჭერთ მხარს ჩვენ ამ იდეას. აქ შეიძლება მხარეთა საერთო ინტერესებიც გამოიკვეთოს",_ აცხადებს რეინტეგრაციის საკითხები სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
ქართული მხარე, ოსური მხარისათვის ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ წინადადებების გადაცემას მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აპირებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.
"ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის", _ განაცხადა "იზვესტიასთან" საუბარში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა და ამაზე უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტი შესაძლოა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და ოსი ხალხის ე.წ. გენოციდს აღიარებს. მისივე თქმით, ამას გარდა, საქართველომ უნდა გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.