საქართველოს სახელმწიფო დროშა არ შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში, ინტერნეტ პორტალებზე და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დროშის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით, ამავე დროს ხაზგასმულია, თითქოს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საზოგადოებას საერთო რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო კატეგორიულად აცხადებს: გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც მ. გონგაძეს და არც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს არცერთ მედია საშუალებაში არ გაუკეთებია. რაც შეეხება სახელმწიფო სიმბოლიკის შესაძლო ცვლილების საკითხს - აღნიშნული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას არ განეკუთვნება", - აღნიშნულია განცხადებაში.