შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარებისათვის'' - სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტის პარტნიორი უწყების - საფრანგეთის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის გენერალური დირექტორატის წევრები და შსს-ს წარმომადგენლები. მათ განიხილეს მიღწეული შედეგები და სამომავლო პერსპექტივები.
პროექტის მთავარი მიზანი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტისათვის მხარდაჭერის აღმოჩენის გზით, საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის გაუმჯობესებაა. მისი ბიუჯეტი 800 000 ევროს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს: საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რისკების დაგეგმვისა და რეაგირების საშუალებების, საქართველოში სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის შესახებ კანონმდებლობისა და ეროვნულ დონეზე პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება; საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რათა ეფექტურად განხორციელდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რისკების გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.