ბრიტანული ტელეარხის, Channel Four-ის ჟურნალისტის, გურუ მერფის შეკითხვამ, რომელიც მის ფილმებში არსებული ძალადობის სცენების ცხოვრებასთან კავშირს ეხებოდა, რეჟისორ ქვენთინ ტარანტინოს წონასწორობა დააკარგვინა.
ინტერვიუს ჩანაწერი ტელეკომპანიის საიტზე გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა რეჟისორს ჰკითხა, თუ რატომ არის დარწმუნებული, რომ ფილმებში ნაჩვენები სისასტიკე რეალურ ცხოვრებაზე არ აისახება. ტარანტინომ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და გაბრაზებით შენიშნა, რომ არ აპირებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ხოლო ინტერვიუს თავისი ბოლო ფილმის სარეკლამოდ დათანხმდა. „თქვენ ჩემი ბატონი არ ხართ, მე კი თქვენი მონა", - შენიშნა რეჟისორმა.
„დეილი ტელეგრაფთან" ინტერვიუში გურუ მერფმა განაცხადა, რომ გაოცებულია ტარანტინოს რეაქციით მის სრულიად რბილ და კორექტულ კითხვაზე. „მე მიყვარს მისი ფილმები და არ მსურდა რეჟისორის განაწყენება", - დასძინა ჟურნალისტმა.
ეს თემა, ფილმებში არსებული ძალადობის სცენებსა და მის კავშირზე ცხოვრებასთან, აშშ-ში მას შემდეგ უფრო გაქტიურდა, რაც ერთი თვის წინ კონექტიკუტის შტატის სკოლაში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. პრესა და ექსპერტები ამ ფაქტებში სისატიკის და ძალადობის სცენების შემცველი ფილმების როლზეც ალაპარაკდნენ, ხოლო ის ჰოლივუდელი რეჟისორები და მსახიობები, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდნენ, საზოგადოების ნაწილმა ფარისევლობაში დაადანაშაულა.