დღეს, 13 თებერვალს, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის სერგო ქიტიაშვილის ინიციატივით, ლიტვის საელჩოს წარმომადგენლები ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლში პრეზიდენტის გუბერნატორის პრესამსახურიდან აცნობეს, ლიტველი სტუმრები აღნიშნულ ცენტრს კომპიუტერულ ტექნიკას, მუსიკალურ ცენტრსა და სხვა საჩუქრებს გადასცემენ.
ღონისძიებას ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ლიტველი სტუმრები სურამის ბავშვთა სახლში ლიტვის საელჩოს დაფინანსებით შექმნილ ტიხრული მინანქრისა და გობელენის დამუშავების სასწავლო ცენტრის დათვალიერებასაც გეგმავენ.
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის სერგო ქიტიაშვილის ინიციატივით და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში 2009 წლის 27 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტ-ცენტრი, ასევე მათი მხარდაჭერით სურამის ბავშვთა სახლში ფუნქციონირებს ტიხრული მინანქრისა და გობელენის დამუშავების სასწავლო ცენტრი, გახსნილია ორი ჯგუფი 10-10 აღსაზრდელით, ხოლო ტაშისკრის ბავშვთა სახლში კი, თექის დამუშავების შემსწავლელი ცენტრი, რომელშიც ჩართულია 20-25 აღსაზრდელი. აღნიშნული ცენტრების არსებობა ხელს შეუწყობს აღსაზრდელთა სწავლებასა და შემდგომში მათ დასაქმებას.