რესპუბლიკელი ჩაკ ჰეიგელი, რომელსაც ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრად ამზადებს, ისრაელს არწმუნებს, რომ ის მთლიანად დაუჭერს მას მხარს, რადგან ისრაელი აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მეკავშირეა ახლო აღმოსავლეთში.
თავის პირველ ინტერვიუში, რომელიც ჰეიგელმა მას შემდეგ მისცა, რაც პოსტზე ოფიციალურად იქნა წარდგენილი, პენტაგონის მომავალმა შეფმა განაცხადა, რომ მისი მოწინააღმდეგეების გავრცელებული ხმები, რომ თითქოს ის ისრაელის მოწინააღმდეგეა, სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიტიკოსის თქმით, ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს საიმისოდ, რომ ის ანტიებრაულ განწყობებს თანაუგრძნობს და მრავალჯერ განუცხადებია, რომ ირანი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.
ჩაკ ჰეიგელის პოსტზე წარდგენისთანავე, ის პოლიტიკურმა კონკურენტებმა ისრაელის საწინააღმდეგო შეხედულებებში დაადანაშაულეს. ყოფილმა სენატორმა, რომელიც აშშ-ის სენატში ნებრასკას წარმოადგენდა, თავის დროზე არ დაუჭირა მხარი სანქციებს, რომელიც ირანის წინააღმდეგ დაწესდა, რადგან მას უშედეგოდ და ისრაელისთვისაც ფუჭად მიიჩნევდა. თავდაცვის მინისტრის პოსტის ჩაბარების შემდეგ, ჰეიგელი პირობას იძლევა, რომ რიგი მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, შესაძლოა, გადახედილ იქნას.