ფოთსა და ქუთაისში ძლიერი ქარი მძვინვარებს.
ქარმა ელექტროენერგიის სადენები დააზიანა, რის გამოც ფოთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობას დღის ბოლომდე აღუდგება.
გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა. გრიგალმა სახურავი "წყალკანალის" შენობასაც გადახადა.
ძლიერი ქარია ქუთაისშიც, რამაც ბაღდათის გზაზე მოძრავი მანქანა დააზარალა. მას ორი მუხის ხე დაეცა, რომელიც გრიგალმა მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები მუშაობენ.