სახელმწიფო და მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე კონტროლს ერთიანი ორგანო - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილება "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" კანონში შედის.
მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, ერთმანეთს შეერწყმება ორი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და ამავდროულად, უფრო ეფექტური გახდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში ბიზნესგარემოს კიდევ უფრო ლიბერალურ გახდის და კერძო კომპანიებს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას გაუადვილებს.
როგორც ცნობილია, დღემდე სახელმწიფო მშენებლობებზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "არქმშენინსპექცია", ხოლო მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე - "ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური" ახორციელებს. ამ კანონოპროექტის მიღების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ორგანო, რომელსაც "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობა" დაერქმევა.
მთავარი ცვლილებები ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ შეეხება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის სფეროს და პრაქტიკულად ხელუხლებლად დატოვებს საცხოვრებელი ბინების სამშენებლო ზედამხედველობას.
"აქამდე, თუ რას წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის ობიექტები კანონით მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, პროცედურები იყო რთული და გაუგებარი. ახალი კანონპროექტით ზუსტდება ასეთი ობიექტები და კონცენტრაცია ხდება მართლა საფრთხის შემცველ ობიექტებზე. ასევე ზუსტდება პროცედურები და უფლებამოსილებანი, რაც, ერთი მხრივ, უფრო ეფექტურს გახდის ზედამზედველობას და მეორე მხრივ, გაამარტივებს მეწარმეების ურთიერთობას ზედამხედველობასთან", - განაცხადა მჭედლიშვილმა.
ამ კანონპროექტის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია კერძო აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის მატარებელი ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების კონტროლი. ამ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობის დაზღვევა, მაგრამ ასეთი დაზღვევა არ მოეთხოვებათ იმ ორგანოებს, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ეკონომიკური თანამშრომლობისას და განვითარებისა ორგანიზაციის (OEჩD) წევრ ქვეყნებში.
"თუკი აქამდე „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის" თანამშრომლები 50.000-მდე ობიექტის ზედამხედველობაზე იყვნენ პასუხმგებელნი და კორუფციის რამოდენემე ფაქტიც იქნა ბოლო დროს გამოვლენილი, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ასეთი ნაგებებისა და ობიექტების კონტროლს კერძო ორგანოები განახორციელებენ, რომელთა აკრედიტირებას სახელმწიფო განახორციელებს. ობექტების რაოდენობა კი რადიკალურად შეიცვლება, რომელთა ზედამხედველობა აკრედიტებული ორგანიების მიერ განხორციელდება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ", - განმარტა პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა.