რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "სამყაროს აღსასრულის" წინ ჩატარებულ დიდ პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად, "მწვანე შუქი" მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახლანდელი "ჰაერში გამოკიდებული" სტატუსის ცვლილებას. მოკლედ, მან არ გამორიცხა საქართველოსთან კომპრომისის მიღწევა ამ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით, - წერს თავის სტიაში ავრაამ შმულევიჩი, ისრაელის მოქალაქე, პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი.
მისი თქმით, როგორც ცნობილია, საქართველო არ აპირებს თავისი ტერიტორიის ნაწილებზე უარის თქმას, რა ტერიტორიებადაც მიიჩნევს სწორედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. თავის მხრივ, ვერც რუსეთი იტყვის უარს მათი სუვერენიტეტის აღიარებაზე.
ერთადერთი ლოგიკურად შესაძლებელი გამოსავალი ამ ჩიხიდან, როგორც მე არაერთგზის დამიწერია, არის ან "ოკუპირებული ტერიტორიების გაყოფა" ან ერთგვარი ერთობლივი სტატუსი მათი მართვის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის გაერთიანების ფარგლებში, ევრაზიული კავშირის ფორმატში.
მისი განცხადებით, კიდევ ერთი პირობა ნორმალიზაციისთვის არის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის სრული ჩამოცილება.
შმულევიჩს მოჰყავს პუტინის სიტყვები: "საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. და გულწრფელად გეუბნებით, მე კარგად არ მესმის, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას განსაზღვულად ვერ გავაკეთებთ. საქართველო კი ვერ დასთანხმდება იმას, რომ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ვერც კი წარმომიდგენია, თუ რა შეიძლება გაკეთდეს აქ. ჩვენ რეალურად გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამაში უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ახლა აქ ცხვირის მაღლა აწევას და იმის თქმას, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ურთიერთოთობა ორ ძალიან ახლო ხალხებს შორის ნორმალიზებული უნდა იყოს და აუცილებლად ამას უნდა ვესწრაფოთ. როგორ უნდა გადავლახოთ ეს ყველაზე რთული პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში, ჯერ პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან გამოჩნდა ხალხი, რომლებიც მზად არიან ამით პროფესიონალურად დაკავდნენ მოდით ამაზე ერთად ვიფიქროთ".
შმულევიჩის განცხადებით, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პუტინის სიტყვებს გამოეხმაურა და რუსეთის მიმართულებით მორიგი ნაბიჯი გადადგა. მან ეჭვქვეშ დააყენა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის ქართული მონაკვეთის მშენებლობის მიზანსეწონილობის საკითხი, რომელიც "ასეთი უხერხულია" რუსეთისთვის, კონკრეტულად კი სახელმწიფო კორპორაცია "რუსეთის რკინიგზისთვის". სარკინიგზო პროექტი ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით 2007 წლიდან რეალიზდება. მისი დასრულება 2013 წელს იგეგმება. პროექტის მიზანია აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის შეერთება საქართველოს გავლით. ეს პროექტი არ აწყობს ირანს და საბოლოოდ ადგენს სომხეთის სატრანსპორტო იზოლაციას და რეგიონალური სქემის მიღმა ტოვებს მის რკინიგზას, რომელივ რუსეთის რკინიგზის საკუთრებაა.