აფხაზეთში არ არის არავინ ვინც ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ლეონიდ ლაკერბაიამ ოპოზიციური პარტიის "სახალხო ერთიანობის ფორუმის" მიერ გამართული ყრილობის შემდეგ გააკეთა.
"არ არის არავინ ვინც ამბობს, რომ საქართველოსთან რაღაც ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. სად გაიგონეს ეს არ ვიცი.
თუ საუბარი მიდის საქართველოში სამკურნალოდ წასვლაზე, მაშინ, ყველაფერი პირიქითაა - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რათა ეს ნაკადი შემცირებულიყო", _ აცხადებს ლაკერბაია და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ე.წ. მთავრობის ხაზით რუსეთის ფედერაციაში, ისრაელსა და უკრაინაში 350 ადამიანი გაემგზავრა.
"ჩვენ სრულებით ვფარავთ ამ ადამიანების მკურნალობის ხარჯებს და არავითარი ავადმყოფთა ნაკადი დღეს საქართველოში არ არის", _ განაცხადა ლაკერბაიამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთმა შეძლო ამ სიტუაციაში გარდატეხის შეტანა.
"ჩვენ შევძელით ამ სიტუაციაში გარდატეხის შეტანა, თუმცა ადამიანებს ცდუნება დიდი ჰქონდათ - უფასო მკურნალობა საქართველოს მოქალაქეობის ან ნეიტრალური პასპორტების აღების შემთხვევაში", _ აცხადებს ლაკერბაია.